ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი სოზარ სუბარი კელი დეგნანს მორიგი ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ამბობს, რომ ელჩის "ბუნდოვანმა განცხადებებმა" კიდევ უფრო "გაუმყარა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილთან დეგნანის შეხვედრა კონკრეტული შედეგის მიღებას ემსახურებოდა".
სუბარის თქმით, ის ფაქტი, რომ დიალოგი 3 საათს გაგრძელდა იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ ყოფილა პირადი შეხვედრა და ელჩ დეგნანს „რაღაც აქვს დასამალი“.
"ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ომის დაწყებიდან არასრული ერთი თვის თავზე ელჩის მოთხოვნით არავითარი პირადი შეხვედრა არ გაიმართებოდა" - აცხადებს სუბარი.
ამასთანავე, სუბარის თქმით, ცხადია, რომ ივანიშვილს ელჩი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდაპირ არ მოსთხოვდა, რადგან დიპლომატიაში ასეთი მოთხოვნები "ირიბი ფორმით უნდა დადგეს“.
სუბარი აცხადებს, რომ დეგნანმა ივანიშვილთან შეხვედრისას შესაძლოა უკმაყოფილება გამოხატა ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაზე და ივანიშვილს დაჟინებით მოსთხოვა პოლიტიკაში დაბრუნება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს კი სუბარის თქმით, ცხადი შანტაჟია.
ამასთანავე სუბარი აცხადებს, რომ ივანიშვილს ელჩისგან დაშანტაჟება საერთოდ არ სჭირდებოდა, რადგან ამ პერიოდში ისედაც მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო.
„ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ ჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. იმ დროისათვის, მას შეჩერებული ჰქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არ დაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება“ - წერს სოზარ სუბარი.
ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ დიპლომატიის შეზღუდვების გამო ელჩი ომში ჩართვას ივანიშვილისგან ღიად არ მოითხოვდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა სავარაუდოდ, ივანიშვილის საკუთრებაში გაიმართა. თუმცა მისი თქმით, ელჩის მხრიდან პოლიტიკაში მისი დაბრუნების დაჟინება საკმარისი იქნებოდა, რომ ივანიშვილს ეს შეხვედრა შანტაჟად აღექვა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიპლომატიას თავისი შეზღუდვები აქვს და ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ბიძინა ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სივრცეში გაიმართა. თუმცა, ცხადია, ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება” - აცხადებს სოზარ სუბარი.
წერილის ბოლოს ოცნების ყოფილი წევრი აშშ-ის ელჩს 3 კითხვას უსვამს და აცხადებს, რომ ამ კითხვებზე პასუხი ნათელს მოჰფენს აშანტაჟებდა თუ არა ის ივანიშვილს საქართველოს ომში ჩართვის მიზნით:
ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. ქართული ოცნებიდან წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა კი ივანიშვილს დეგნანთან შეხვედრაზე შეკითხვა დაუსვა და პასუხის გაცემას ითხოვდა.
ყაველაშვილის აზრით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვედრაზე მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა.
კელი დეგნანმა კი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში განცხადა, რომ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს შეხვდა და აღნიშნავს, რომ მათ შორის არასდროს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე".